სკოლის შინაგანაწესი

დამტკიცებულია

ქ.დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე:

ეთერ კიკილაშვილი

საბჭოს სხდომის ოქმი ––––––––––––

თარიღი : ––––––––––––––––––––––

ქ. დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის შინაგანაწესი

2010 წელი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სკოლის მიზანი.

1. შინაგანაწესი შედგენილია: “ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების”, “ზოგადი განათლების შესახებ”, “საქართველოს შრომის კოდექსის”, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის”, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის , მოსწავლის ქცევის კოდექსის და სხვა სამართებლივი აქტების საფუძველზე.

2. ქ.დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მიზანია განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი  ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერსები.

მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო, ასევე უნდა განუვითარდეთ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის.

მოზარდს უნდა გამოვუმუშაოთ ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უნარი; დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები, იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე. უნდა ჩამოვაყალიბოთ უწყვეტი განვითარების ახალი ცოდნის და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.
#1  საჯარო სკოლა მშობლებთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობის საფუძველზე მიზნად ისახავს მასტიმულიზებელ და უსაფრთხო გარემოში თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ფიზიკური მოთხოვნილებების  დაკმაყოფილებას.

მუხლი 2. სკოლის სტრუქტურა.

სკოლის სტრუქტურა მოიცავს:
1. სამეურვეო საბჭოს (დისციპლინურ კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს);
2. პედაგოგიურ საბჭოს (კათედრებს)

3. დირექციას (საკონსულტაციო საბჭოს, საჩივრების მიღებისა და განხილვის კომისიას, სკოლის დისციპლინური კომისიას);
4. მოსწავლეთა თვითმმართველობას.
მუხლი 3. სამეურვეო საბჭო.
3.1. სამეურვეო საბჭო არის სკოლის უმაღლესი არჩევითი ორგანო, ადამიანთა გუნდი, რომელთა მიზანია მოსწავლეთა განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. საბჭო არის უმაღლესი ორგანო სკოლაში.  სამეურვეო საბჭო შედგება 15 წევრისაგან: ექვსი მასწავლებელი, ექვსი მშობელი ,ერთი მოსწავლე, ერთი წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობიდან და ერთი წარმომადგენელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.
3.2 სამეურვეო საბჭო იკრიბება წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ; მაგრამ საჭიროებისამებრ შედგება სამუშაო შეხვედრები.
3.3. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:
ა) სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს;
ბ) აფასებს დირექტორის საქმიანობას;
გ) ითხოვს დირექტორისაგან თანამშრომლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტას;

დ) ქმნის დისციპლინარულ და საფინანსო კომიტეტებს (საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო კომიტეტს);
ე) ითანხმებს  პედსაბჭოს მიერ შემუშავებულ სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ვ) ამტკიცებს წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
ზ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამსი ზომებს;
თ) შეიმუშავებს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემას;
ი) სკოლის დირექტორის წარდგენით ამტკიცებს შინაგანაწესს, ბიუჯეტს, წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
3.4 დისციპლინური კომიტეტი შედგება ორი მასწავლებლის, ორი მშობლისა და ერთი მოსწავლისაგან.
3.5. დისციპლონური კომიტეტის ფუნქციები:
ა) დისციპლინური გადაცდომისას განიხილავს თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხს;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს და რეაგირებს ყველა მიღებულ საჩივარზე (იკრიბებიან საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 4. პედაგოგიური საბჭო.

4.1. პედაგოგიურ საბჭოში ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;
4.2. საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა;
4.3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამი წლის ვადით. თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
4.4. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმის უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.
4.5. საბჭოს ფუნქციები:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლო გეგმებს;
ბ) საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შერჩეულ რეკომენდებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოთა ნუსხას;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;
დ) ირჩევს თავის წარმომადგენელს საკონსულტაციო საბჭოში;
ე) უფლებამოსილია, ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
4.6. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლაში იმუშავებს კათედრები.
4.7. პედაგოგიური საბჭო ამტკიცებს კათედრათა ხელმძღვანელებსა და სამუშაო გეგმებს.
4.8. კათედრები ანგარიშვალდებულნი არიან პედაგოგიური საბჭოს წინაშე;
4.9. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.

მუხლი 5. დირექცია. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, დირექტორის  მოადგილის  და ბუღალტრისაგან.
5.1. სკოლის დირექტორი

5.1.1.დირექტორის ფუნქციები:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტის პროექტს;
დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
ე) კონკურსის საფუძველზე უზრუნველყოფს მასწავლებელთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ვ) უფლებამოსილია შეუწუყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება;
ზ) ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სკოლის სამეურვეო საბჭოს;
თ) დებს გარიგებებს, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ;
ი) განიხილავს საჩივრებს და იღების შესაბამის ზომებს;
კ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო – სააღმზრდელო პროცესს;
ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ – სამართებლივ აქტებს.

5.1.2.  სკოლის დირექტორის ქცევის წესები

ა) პროფესიული კომპეტენტურობა

  1. სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი,  კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
  2. სკოლის დირექტორი იცავს  საქართველოს კანონმდებლობასა და  ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს.
  3.  სკოლის დირექტორი ხელს უწყობს   ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას.
  4. სკოლის დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის,  ადამიანის უფლებათა დაცვის,  ჯანსაღი ცხოვრების წესისა  და გარემოს დაცვის მაგალითია.
  5. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
  6. სკოლის დირექტორი იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის,  რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა.
  7. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
  8. სკოლის დირექტორი  უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში.
  9. სკოლის დირექტორი არჩევს სკოლის  პერსონალს კანონმდებლობით დადგენილი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით.
  10. სკოლის დირექტორი იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  11. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.
  12. სკოლის დირექტორი არ ეწევა რელიგიურ (გარდა იმ სკოლების სკოლის დირექტორებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას)  და პოლიტიკურ  პროპაგანდას.
  13. სკოლის დირექტორი არ  იყენებს  პროფესიულ  ან  ინსტიტუციურ  პრივილეგიებს  პირადი მიზნებისათვის.
  14. სკოლის დირექტორი არ  იყენებს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ  და ინტელექტუალურ  შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.
  15. სკოლის დირექტორი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს  სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას.
  16. სკოლის დირექტორი არ ავრცელებს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან/და მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე.
  17. სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
  18. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.
  19. სკოლის დირექტორი ზრუნავს მისი თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე.
  20. სკოლის დირექტორი ყოველთვის პუნქტუალურია და  აცვია მოწესრიგებულად.
  21. სკოლის დირექტორი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.

ბ) მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა

  1. სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ  პიროვნული თავისებურებებისა.
  2. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  3. სკოლის დირექტორი ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს.
  4. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში.
  5. სკოლის დირექტორი უქმნის ყველა პირობას  დამწყებ მასწავლებლებს  სასკოლო  გარემოში ინტეგრაციისთვის.
  6. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს მასწავლებლების დროულად ინფორმირებას ზოგადი განათლების სფეროში სიახლეების, დამხმარე პროფესიული ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ.
  7. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.
  8. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან, ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებს მასზე.

გ)  მოსწავლეებთან ურთიერთობა

  1. სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება.
  2. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების  ჩამოყალიბებაში.
  3. სკოლის დირექტორი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.
  4. სკოლის დირექტორი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში.
  5. სკოლის დირექტორი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
  6. სკოლის დირექტორი არ უწევს საკუთარი სკოლის მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  7. სკოლის დირექტორი ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს.

დ)   მშობლებთან  ურთიერთობა

  1. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში.
  2. სკოლის დირექტორი, მშობლის სურვილის შემთხვევაში, განმარტებებს აძლევს მშობლებს სასკოლო სასწავლო გეგმის  შესახებ.
  3. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.
  4. სკოლის დირექტორი მშობელთან ურთიერთობას  თავაზიანად და თანამშრომლობის ფორმით წარმართავს.

5.1.3. პასუხისმგებლობა ქცევის წესების  დარღვევაზე

სკოლის დირექტორის  მიერ ქცევის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2. დირექტორის  მოადგილე – დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

5.3.       ადმინისტრაციის წევრების  ფუნქციები ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში  განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

მუხლმი 6. საკონსულტაციო საბჭო. საკონსულტაციო საბჭო შედგება: დირექციისა და კათედრების ხელმძღვანელებისაგან, პედაგოგიური სასაბჭოს წარმომადგენლებისაგან.
საკონსულტაციო საბჭო: ა) იკრიბება ყოველი თვის დასაწყისში. გეგმავს მიმდინარე თვის სამუშაოს და ისმენს გასული თვის შესრულებული სამუშაოს ანგარიშს; ბ) კორექციას უკეთებს სამუშაოს გეგმას; გ) მუშაობს მასწავლებელთა პედაგოგიური დატვირთვის პროექტზე;
მუხლი 7. საჩივრების მიღებისა და განხილვის კომისია.

საჩივრების მიღებისა და განხილვის კომისია შედგება ხუთი წევრისაგან: საქმის მწარმოებელი, დირექტორის მოადგილე, ორი პედაგოგი და ერთი საშუალო საფეხურის მოსწავლე.

კომისიის ფუნქციები:
ა) საქმის მწარმოებელი იღებს და რეგისტრაციაში ატარებს დაინტერსებული პირის განცხადებას. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და უნდა შეიცავდეს:
– იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
– განმცხადებლის ვინაობას, მისამართს და საკონტაქტო მონაცემებს;
– მოთხოვნას;
– განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას;
– განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას და განმცხადებლის ხელმოწერას.
ბ) 2 დღის განმავლობაში საქმის მწარმოებელი გადასცემს კომისიის თავმჯდომარეს განცხადებას შესაბამისი რეაგირებისათვის;
გ) კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომას 2 დღის განმავლობაში, სადაც განიხილება განცხადება და მიიღება გადაწყვეტილება დირექტორთან შეთანხმებით;
დ) დაინტერესებულ პირს შემოსულ განცხადებაზე წერილობითი პასუხი ეცნობება ერთი კვირის განმავლობაში;
ე) თუ შემოსული განცხადება საჭიროებს დამატებით შესწავლას ან დამატებითი კომისიის შექმნას, მაშინ დაინტერესებულ პირს პასუხი ეცნობება სამი კვირის განმავლობაში;
ვ) თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა დირექციასთან.

მუხლი 8. სკოლის დისციპლინური კომისია.
სკოლის დისციპლინური კომისია შედგება ხუთი წევრისაგან: სამეურვეო საბჭოს წევრი, თვითმმართველობის წევრები, დირექტორის მოადგილე.სკოლის დისციპლინური კომისია განიხილავს მოსწავლეთა ყოფაქცევისა და დისციპლინური გადაცდომის საკითხებს და იღებს შესაბამის ზომებს. კომისია ატარებს სხდომებს საჭიროების შემთხვევაში.

მუხლი 9. მოსწავლეთა თვითმმართველობა.

1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო.
2. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობას

3. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები:
ა) შეიმუშავებს თვითმმართველობის სრუქტურას;
ბ) ქმნის სასკოლო კლუბებსა და კომიტეტებს;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სკოლის დისციპლინურ კომისიაში.
4. მოსწავლეთა თვითმართველობას ხელმძღვანელობს საბაზო და საშუალო საფეხურების თვითმმართველობების მიერ არჩეული პრეზიდენტი.
5. მოსწავლეთა თვითმმართველობა წარუდგენს წინადადებებს სამეურვეო საბჭოს, სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
6. მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწილეობს საგრანტო პროგრამებში

თავი II

   

მუხლი 10. მოსწავლე

10.1.მოსწავლის უფლებები.

მოსწავლეს უფლება აქვს:
1. მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი უფასო განათლება.
2. ისარგებლოს დამატებითი (მათ შორის ფასიანი) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებით.
3. ისარგებლოს სკოლის საბიბლიოთეკო ფონდით.
4. მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში, არჩეულ იქნას სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობაში.
5. ნებაყოფლობით ჩაერთოს შრომაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამით.
6. ნებაყოფლობით დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებებში.
7. ჰქონდეს სწავლისათვის შესაბამისი გარემო ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფისათვის.
8. ისარგებლოს საკლასო ოთახებით, შესაბამისი ინვენტარით.
9. ისარგებლოს სკოლის სპორტული დარბაზით, ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კაბინეტით და ლაბორატორიებით.

10.2. მოსწავლის ქცევის წესები

10.2.1. მასწავლებელთან  და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

  1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს  მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
  2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

10.2.2.  მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან,  ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე  სახის შეურაცხყოფას.

10.2.3. მოსწავლის ჩაცმის წესი

მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

10.2.4.  მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა  და სასკოლო ღონისძიებების დროს

  1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
  2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს  სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი  ნივთები.
  3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
  4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
  5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
  6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
  7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
  8. მოსწავლე  არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
  9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
  10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

10.2.5. სკოლაში აკრძალული ნივთები

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

ა) თამბაქოს ნაწარმი;

ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;

გ) სანთებელა ან ასანთი;

დ) ალკოჰოლური საშუალებები;

ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;

თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;

ი) ნარკოტიკული საშუალებები;

კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.

ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

10.2.6. პასუხისმგებლობა ქცევის წესების დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის  დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით  გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, კერძოდ:

მოსწავლეს დისციპლინური დარღვევებისათვის და აკადემიური ჩამორჩენისათვის შიეძლება დაედოს დისციპლინური სასჯელი, აკადემიური სასჯელი და სასჯელის განსაკუთრებული ფორმა-სკოლიდან გარიცხვა.

  1. მოსწავლის დისციპლინური სახდელები:
    ა) გაფრთხილება;
    ბ) გაკვეთილიდან გაძევება;
    გ) საყვედური;
    დ) სკოლიდან დათხოვნა;
    ე) სასტიკი საყვედური;
    ვ) გარიცხვა;

ზ)დამატებითი დავალების მიცემა;

თ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება.

  1.  მოსწავლეს სიტყვიერი გაფრთხილება/შენიშვნა შეიძლება გამოეცხადოს:
    ა) გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის;
    ბ) უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;
    გ) ამხანაგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
    დ) ორი ან მეტი დაგვიანებისათვის,

ე) სასკოლო ქონების დაზიანებისათვის, ზარალის ანაზღაურებით.

3. გაკვეთილიდან გაძევება ხდება დისციპლინის დარღვევისთვის ან უხეშობიშთვის. ამის უფლება აქვს მასწავლებელს, მაგრამ იგი მოვალეა, მოსწავლეს მიუჩინოს ზედამხედველი: კლასის ხელმძღვანელი, მორიგე მასწავლებელი ან დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა პირი.
4.  საყვედური/სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება შეიძლება გამოეცხადოს:
ა) გაფრთხილების განმეორებით მიღებისას;
ბ) გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის დარღვევისათვის;
გ) უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
დ) ამხანაგის სიტყვიერი ან მცირე ფიზიკური შეურაცხყოფიათვის;
ე) მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
ვ) ხუთი ან მეტი დაგვიანებისათვის,

ზ)სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების შემოტანისთვის

5. სკოლიდან დათხოვნა:
ა) სკოლიდან დათხოვნა ხდება საყვედურის განმეორებითი მიღების შემდეგ. 5 დღემდე ვადის დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება გააჩნია სკოლის დირექტორს, მას შემდეგ, რაც შეხვდებიან  მშობელს და აცნობებენ მისი შვილის დათხოვნის მიზეზებსა და ხანგრძლივობას;

ბ) 5-10 დღემდე ვადის დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით (სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლე ვალდებულია, ორი დღის განმავლობაში აანზღაუროს გამოტოვებული მასალა).

6. სასტიკი საყვედური შეიძლება გამოეცხადოს:
ა) გაფრთხილებისა და საყვედურის ან ორი საყვედურის მიღებისას;
ბ) დისციპლინის უხეში დარღვევისათვის;
გ) თვეში ათზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
დ) მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
ე) ამხანაგის ფიზიკური შეურაცყოფისათვის;
ვ) განმეორებით გაპარვისათვის.

7. სასჯელის განსაკუთრებული ფორმა – სკოლიდან გარიცხვა დასშვებია თუ მოსწავლე:
ა) სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ჩაიდენს ისეთ მოქმედებას, რაც იმსახურებს დისციპლინურ სასჯელს;
ბ) სისტემატურად უხეშად არღვევს დისციპლინას;
გ) სისტემატურად აცდენს გაკვეთილებს არასაპატიო მიზეზით (მაქსიმუმ 30-40 სთ.);
დ) მასწავლებელს მიაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ან დაემუქრება მას რაიმე ფორმით;
ე) მოსწავლეს მიაყენებს უხეშ ფიზიკურ შეურაცხყოფას;
ვ) სკოლაში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ;
ზ) სკოლას მიაყენებს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს;
თ) თუ მის მიმართ ძალაში შევა სისიხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი.

8. დისციპლინური დარღვევისათვის მოსწავლე შეიძლება გაირიცხოს სკოლიდან დისციპლინური საბჭოს გადწყვეტილებით. გადაწყვეტილება გარიცხვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

9. მოსწავლეს გაფრთხილება შეიძლება გამოუცხადოს საგნის მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა, ადმინისტრაციის წევრმა.

10. საყვედური და სასტიკი საყვედური შეიძლება გამოუცხადოს სკოლის დირექტირმა ან დისციპლინურმა კომიტეტმა.

11. დისციპლინარული სასჯელის გამოცხადების შესახებ კეთდება სათანადო ჩანაწერი მოსწავლის პირად საქმეში. ექვსი თვის შენდეგ მოსწავლეს პირადი ან მშობლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული სასჯელის დამდების გადაწყვეტილებით შეიძლება მოეხსნას სასჯელი პირად საქმეში სათანადო ჩანაწერის გაკეთებით.

10.3. მოსწავლის ჩარიცხვა.

სკოლის მოსწავლედ ითვლება I-XII კლასებში ჩარიცხული ყველა მოზარდი, რომელიც ცოდნას იძენს სხვადასხვა საფეხურის კლასებში.

1.სკოლის მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება:

ა) სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ, ან მიმდინარე სასწავლო წელს (15 ივნისის ჩათვლით) უსრულდებათ 6 წელი;
ბ) პირველ რიგში მიიღებიან ბავშვები:
– რომლებიც ცხოვრობენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
– რომელთა უფროსი და ან ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
– ბავშვები, რომლებიც არ ცხოვრობენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიიღებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არის თავისუფალი ადგილები .თავისუფლად ითვლება ადგილები იმ კლასში, რომლის მოსწავლეთა რაოდენობაც დადგენილ ნორმატივზე (25 მოსწავლე) ნაკლებია;
2. სკოლაში ჩასარიცხად მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:

  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • დაბადების მოწმობის დედანი;
  • ბავშვის სამედიცინო ფორმა;
  • ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ან მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან;
  • 2ც. ფოტოსურათი 3X4.

4. II–XII კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება თავისუფალი ადგილის შემთხვევაში.
ჩარიცხვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი საბუთები:
– განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
– ბეჭდით დამოწმებული წლიური შეფასება ;
– სკოლის ბეჭდით დამტკიცებული მიმდინარე შეფასება ყველა საგანში;
– მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმების ფორმა.
– პირადი საქმე, რომელშიც ინახება:
ა) დაბადების მოწმობა.
ბ) ყოველწლიური პედაგოგიური დახასიათება.
გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (ან მშობლის(მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი).
5. სკოლის საშუალო საფეხურზე მისაღებად წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
– განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
– პირადი საქმე;
– სამედიცინო ფორმა;
– საბაზო განათლების ატესტატი (არსებობის შემთხვევაში) .

6. ჩარიცხვა მოხდება შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომლის შემადგენლობაში შედიან  პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

10.4. მოსწავლეთა წახალისება.

სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის და სხვა საქმიანობებში მოპოვებული წარმატებებისთვის მოსწავლე ჯილდოვდება:

  • სიგელით
  • დიპლომით
  • ფასიანი საჩუქრით
  • უფასო ექსკურსიით
  • და სხვ.ჯილდოები

თავი III

მუხლი 11.   მშობელი

11.1. მშობელის უფლებები. 1. დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები.
2. ბავშვის უფლებების დარღვევისა და მასწავლებელთან შექმნილი კონფლიქტის შემთხვევაში წერილობითი განცხადებით მიმართოს კლასის ხელმძღვანელს,სკოლის დირექტორს, სამეურვეო საბჭოს.
3. მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში, ანუ არჩეულ იქნას სამეურვეო საბჭოში.
4. გაეცნოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარსს, შეხვდეს მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ (14სთ-ისშემდეგ).
5. მიაღებინოს შვილს სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული უფასო განათლება.
6. გადაიყვანოს მოსწავლე სხვა სასწავლო დაწესებულებაში.
7. მოითხოვოს მოსწავლის პარალელურ კლასში ან სხვა ჯგუფში გადაყვანა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით დირექტორის სახელზე.

11.2. მშობელის მოვალეობები. 1. გაეცნოს და დაიცვას სკოლის წესდება, შინაგანაწესი და ხელშეკრულების პირობები. ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში სკოლა უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ხელშეკრულება მშობელთან.
2. დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს.
3. გამოცხადდეს სკოლაში გამოძახებისთანავე.
4. აქტიური დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მოწყობა-ჩატარებაში.
5. აქტიური მონაწილეობა მიიღოს მშობელთა ორგანიზაციების (სამეურვეო საბჭოს) მუშაობაში.
6. საჭიროების შემთხვევაში დირექციის გადაწყვეტილებით იმორიგეოს სკოლაში.
7. პასუხი აგოს შვილის სწავლა-აღზრდის საკითხებზე. ამისთვის შეუქმნას საჭირო ხელშემწყობი პირობები.
8. ყოველდღიურად უზრუნველყოს აკურატულად ჩაცმულ-დავარცხნილი შვილის საჭირო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით სკოლაში დროული გამოცხადება.
9. ბავშვის სკოლაში არგამოცხადების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს კლასის ხელმძღვანელს მიზეზი და შემდგომში წარმოადგინოს სათანადო ცნობა (ექიმის ცნობა, განცხადება, მოხსენებითი ბარათი) გამოცხადებიდან ორი დღის განმავლობაში.
10. სკოლის გარეშე ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობა (მუსიკა, სპორტი, მხატვრული წრეები და სხვა) არ დაამთხვიოს საგაკვეთილო პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციებიდან ცნობის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი გაცდენილი საათები ითვლება არასაპატიოდ. გამონაკლისია განათლების სამინისტროდან ან მისი სტრუქტურული ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა.
11. ბავშვის მიერ სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში მშობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი.
12. პასუხი აგოს შვილის საქციელისთვის ყველგან და ყველასთან ურთიერთობაში და აკონტროლოს მისი საგანმანათლებლო მომზადების ხარისხი.

თავი IV

მუხლი 12. მასწავლებელი

12.1. მიღების წესი.

  1. დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება შესაბამისი პროფესიულ-პედაგოგიური კვალიფიკაციის მქონე პირი.
    2. სკოლაში მასწავლებელი სამუშაოზე მიიღება ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით, გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.
    3. პედაგოგს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
    4. სამსახურში მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია მისაღებ კანდიდატურას ხელწერილის ჩამორთმევით აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:
    ა) წესდება.
    ბ) შინაგანაწესი.
    გ) თანამდებობრივი ინსტრუქციები და სკილისთვის დამახასიათებელი სხვა საკითხები.
    5. სამსახურში მიღებისას მუშაკმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე.
    ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
    გ) დიპლომი განათლების შესახებ.
    დ) კადრების აღრიცხვის ფურცელი.
    ე) შრომის წიგნაკი ან CV
    ვ) სამედიცინო ცნობა

ზ) რეკომენდაციები.
თ) 2ც. ფოტოსურათი.

12.2. მასწავლებლის უფლებები.

მასწავლებელს უფლება აქვს:
1. მონაწილეობდეს სკოლის მუშაობაში.
2. აირჩიოს და არჩეულ იქნას პედაგოგიურ და სამეურვეო საბჭოში.
3. დაიცვას საკუთარი პროფესიული პატივი და ღირსება.
4. ისარგებლოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდების, სასწავლო მასალებისა და სახელმძღვანელოების, მოსწავლეთა შეფასების მეთოდების არჩევისა და გამოყენების თავისუფლებით.
5. თავისუფლად გამოხატოს შეხედულებები და მოსაზრებები, თუ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და განათლების კანონს.
6. მოიპოვოს სახელმწიფოს მიერ ნებადართული ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ნაწილობრივ შეითავსოს ტექნიკური პერსონალის, ბიბლიოთეკარის და ა.შ. ფუნქციები.
8. თუ არ არის სრულად დატვირთული პედაგოგიური განაკვეთით (15–21 საათი),შეთავსებით იმუშაოს სხვა არაკონკურენტ სასწავლო დაწესებულებაში.
9. იყოს ნებისმიერი კანონით ნებადართული ორგანიზაციის წევრი.
10. შეასრულოს ან უხელმძღვანელოს სკოლის სარემონტო სამუშაოებს.
11. მოსწავლეებს გაუწიოს ინდივიდუალური დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება კანონის შესაბამისად.
12. მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია

12. 3.  პროფესიული კომპეტენტურობა

  1. მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას,  დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
  2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს   საქართველოს კანონმდებლობითა და  ეთიკის კოდექსის ნორმებით.
  3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში  დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.
  4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის,  ადამიანის უფლებათა დაცვის,  ჯანსაღი ცხოვრების წესისა  და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს  მოსწავლეებს.
  5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  6. მასწავლებელი, თავისი საქმიანობისას,  ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.
  7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.
  8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
  9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.
  10. მასწავლებელი არ  იყენებს  პროფესიულ  ან  ინსტიტუციურ პრივილეგიებს  პირადი მიზნებისათვის.
  11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

12. 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა

1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.

2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  1. 4.  მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს  მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.

6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.

8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.

9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ  პროპაგანდას.

  1. მასწავლებელი  არ  იყენებს მოსწავლის ფიზიკურ  და ინტელექტუალურ  შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.
  2. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას  ყველა მოსწავლის მიმართ,  განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

12.5. მშობლებთან ურთიერთობა

  1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს  მასთან  ინდივიდუალურ შეხვედრებს.
  2.  მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას.
  3. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი  განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.
  4. მასწავლებელი,  მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად,  მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.
  5. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია,  აქვს ყველა მშობლის  საკონტაქტო ინფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
  6. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ  წარმოებაში.
  7. მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება  დაემუქრა.

12.6. სკოლის დირექციასთან,  მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან   ურთიერთობა

1. მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ  პიროვნული თავისებურებებისა.

2. მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან.

3. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

4. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

12.7. კლასის დამრიგებელი

ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.დამრიგებლის უფლებები განსაზღვრულია შინაგანაწესის 12.2 მუხლით.

12.7.1. დამრიგებლის მოვალეობები

დამრიგებელს ევალება:

  1. ყოველ სასწავლო დღეს  გამოცხადება სამსახურში 08 .45 სთ–ზე (სწავლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ) და სადამრიგებლო კლასის მეთვალყურეობა ყოველ დასვენებაზე, სწავლის დამთავრებამდე.
  2. სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
  3. მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
  4. მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
  5. მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
  6. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის  შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
  7. სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში,  მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ ინფორმაციის  მიწოდების უზრუნველყოფა;
  8. სადამრიგებლო კლასში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ საკლასო ჟურნალის პასუხისმგებელ პირზე  ჩაბარება;
  9. ჟურნალების წარმოების ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
  10. თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი;
  11. ეროვნული  და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

12. 8. პასუხისმგებლობა  ქცევის წესების დარღვევაზე.დისციპლინური გადაცდომა და სახდელი.

მასწავლებლის მიერ ქცევის წესების უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების  შესაბამისად.

1. მასწავლებლის მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგი ადმინისტრაციული სასჯელი:
ა) მასწავლებელს წერილობითი გაფრთხილება გამოეცხადება:
– ორზე მეტი დაგვიანებისთვის ან გაკვეთილის გაცდენისათვის;
– პროფესიული, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების, მასწავლებლის პედაგოგიური კოდექსის  დარღვევისათვის

– ზედამხედველობის გარეშე მოსწავლეების ორზე მეტჯერ გაკვეთილიდან გამოძევებისთვის

–ჟურნალების წარმოებისას სამზე მეტი შეცდომის დაშვებისთვის

–        გაკვეთილზე ორზე მეტჯერ გაკვეთილის გეგმის არქონისთვის

ბ) საყვედური

–        მეორე გაფრთხილების მიღების შემდეგ.

–        ხუთზე მეტი დაგვიანებისათვის ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის.

–        მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.

–        სკოლის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის.

–        პედსაბჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის. საგნობრივი პროგრამის შეუსრულებლობისათვის ან მისი არქონისათვის.

–        დამრიგებლისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის.

–        გაკვეთილის ჩაშლისათვის.

გ) სამსახურიდან გათავისუფლება

–        განმეორებითი საყვედურის მიღების შემდეგ.

–        სისტემატიური დაგვიანებისა და გაცდენისათვის.

–        პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის.

–        მეცადინეობების სისტემატიური ჩაშლისათვის.

–        კანონით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადგენისას .

2. მასწავლებელს ადმინისტრაციულ სასჯელს ადებს დირექტორი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში და სასამართლოში.
4. მასწავლებელს, პირადი განცხადების საფუძველზე ან უიმისოდ ა) და ბ) სასჯელები შეიძლება მოეხსნას  სასჯელის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, დირექტორის გადაწყვეტილებით.

12.9. წახალისების სახეები და ფორმები.
1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება; ბ) პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და სხვა

12.10. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

მასწავლებლის  სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევაში:
1. სკოლის წესდების და შინაგანაწესის უხეში დარღვევის( შინაგანაწესის 12.8 მუხლის გ)პუნქტი) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
2. მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული ყველა შემთხვევები

12.11   . შემცვლელი მასწავლებელი

1.ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევის და სასკოლო რეჟიმში შეფერხების არიდების თვალსაზრისით სკოლას ნებისმიერ საგანში შესაძლოა ჰყავდეს რეზერვი – შემცვლელი მასწავლებელი.

2.მიღების წესი:   შემცვლელი მასწავლებელი ინიშნება სკოლის დირექტორის ბრძანებით , მისი გამოძახება ხდება საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგიური დატვირთვის მქონე მასწავლებლის მიერ სამსახურის გაცდენის დროს (უხელფასო შვებულება,სადეკრეტო შვებულება, ქმედუუნარობა, გარკვეული მიზეზებით საათების მოხსნა და სხვა)  , შრომის ანაზღაურება ხდება ჩატარებული გაკვეთილების მიხედვით.

12.12. არჩევითი საგნებისა და პროგრამების, ფაკულტატურული კურსების , ზოგიერთი საგნის განაყოფი  ჯგუფების  მასწავლებელი (სახელობო განათლება, ხაზვა, ასტრონომია, თეატრალური ხელოვნება, რელიგია, ტოლერანტობა და სხვ.)

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, არჩევითი და ფაკულტატურული საგნების და ზოგიერთი საგნის განაყოფი ჯგუფების  სწავლების არასისტემატურობიდან გამომდინარე, აღნიშნული საგნის/პროგრამის  მასწავლებლის რეზერვიდან გამოძახება–დასაქმება  ხდება საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეთა მიერ საგნის არჩევისას ან/და სკოლის მიერ კანონით გათვალისწინებული წესით საგნის სწავლების შემოღებისას,საგნის სწავლების პერიოდის/ხანგრძლივობის  ვადით.

თავი V

მუხლი 13.      სამუშაო დრო

13.1. სასწავლო რეჟიმი.

1.სასწავლო წელი სკოლაში მოსწავლეთათვის იწყება სექტემბერში, კანონით დადგენილი წესით. ხოლო პედაგოგები სკოლაში, შვებულების შემდეგ, ცხადდებიანკუთვნილი შვებულების დასრულებისას.
2. სამუშაო კვირა განისაზღვრება 6 დღით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
3. შაბათი დღე გამოყენებული იქნება კლასგარეშე და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი, ფაკულტეტური,წრეობრივი და საკონსულტაციო მუშაობებისთვის.
4. სასწავლო წლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით.
5. არდადეგები სასწავლო წლის განმავლობაში განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით.
6. სასწავლო მეცადინეობა ერთცვლიანია.
7. სამუშაო დღის ხანგრძლივობა თითოეული პედაგოგისთვის ინდივიდუალურია, კვირეული დატვირთვის მიხედვით;
8. გაკვეთილები იწყება 9 საათზე, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 45 წუთი. გაკვეთილებს შორის დასვენება 10 წუთიანია;

9.  გაკვეთილების დაწყება-დამთავრება ხორციელდება ზარის საშუალებით. სასწავლო მეცადინეობა იწყება მე-2 ზარის შემდეგ, რომელიც ირეკება 1-დან (გამაფრთხილებელი ზარიდან) 5 წუთის შემდეგ.
10. კლასებში კვირეული დატვირთვა განისაზღვრება სასწავლო გეგმის მიხედვით.
11. გაკვეთილები ტარდება დირექტორის მიერ დამტკიცებული ცხრილის მიხედვით, რომელიც მეთოდურად გამართული უნდა იყოს.
12. დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შედის სასწავლო გეგმაში.
14. ყველა დამრიგებელი და სრული პედაგოგიური განაკვეთის მქონე მასწავლებელი   ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს 8 სთ. 45 წთ. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პირველი გაკვეთილი ან სამუშაო დღე, დააფიქსიროს მოსვლა და წასვლა ტაბელში.
13.2. ანაზღაურებადი შვებულება და მიცემის წესი.

1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზრაურებადი შვებულებით-არანაკლებ 24 სამუშაო დღით.
2. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით- არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით. რის შესახებაც იგი ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი.
3. დასაქმებულს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო-477 კალენდარული დღე. აქედან ანაზღაურებადია-126 კალენდარული დღე; რომელსაც აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა.

13.3. შრომის ანაზღაურება.

1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან გაცდენილი დროის თანხის ოდენობა. დროებითი შრომისუუნარობის ფურცელის წარმოდგენის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 14. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის წესი.

  1. შინაგანაწესის ან მასში ცალკეული მუხლების ცვლილება ხორციელდება არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში.
    2. საკითხი შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ შეიძლება დააყენოს სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1/3-მა, სამეურვეო საბჭომ და სკოლის დირექტორმა წერილობით დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ.

მუხლი 15. შინაგანაწესის ამოქმედება

შინაგანაწესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მაია ლაპიაშვილი

ქ. დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი

2010 წლის 01 სექტემბერი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s